პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილს ეროვნული თანხმობის მისეულ ხედვაზე ესაუბრა.
როგორც მან სოფო ზურაბიანის პოლიტიკოს ფორმულაში თქვა, თანხმობის პროცესში უნდა იყოს პრინციპების კონკრეტული ჩამონათვალი, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან.
"პრეზიდენტი უფრო მეტად იყო მოსმენის რეჟიმში და მან თქვა, რომ მისი განზრახვაა პირველ შეხვედრებზე მხარეების მხრიდან შეკრიბოს ინფორმაცია, თუ ვინ როგორ ხედავს ამ პროცესს და შემდეგ უკვე ის შეეცდება, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე რაღაც გადამუშავებული ვარიანტით გამოვიდეს. დღეს ძირითადად იყო ჩემგან ხედვა", - თქვა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე დიდი დრო დაუთმო პოლიტიკური დევნაზე საუბარს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისი ამოცანა იყო ზურაბიშვილისთვის ეჩვენებინა, რას ელოდებიან მხარეები მისგან.
"დღეს ჩემი ამოცანა იყო მეჩვენებინა მისთვის, რა შეიძლება იყოს ის ნაბიჯები, რასაც მისგან ველოდებით ყველა და რის გარეშეც წინ ვერ წავა ეს პროცესი წარმატებულად. ამიტომ, შეხვედრის ძალიან დიდი ნაწილი დავუთმე სწორედ პოლიტიკური დევნის საკითხს, მაგრამ უნდა ესმოდეს მასაც და ყველას, რომ თუ ვსაუბრობთ პროცესზე, არის გარკვეული გარემო, რომლის გარეშეც პროცესი წინ ვერ წავა და ამ გარემოს შექმნაში სამართლებრივად გადამწყვეტი როლი და ბერკეტები აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. თუ მას უნდა ამ პროცესის წინ წაყვანა, ბუნებრივია, ისიც უნდა იყოს მზად გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად", - თქვა ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძის გარდა, პრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც.
მარგველაშვილის თქმით, შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად, განიხილა ინიციატივა "ეროვნულ თანხმობაზე".
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.